კომერციაზე გათვლილი კინო, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. ჰოლივუდში, წარმატებული ფილმის პროდიუსერები თუ მსახიობები, ერთი პროექტით, უზარმაზარ მოგებას პოულობენ. ევროპაშიც კი, რომელიც კომერციული კინოთი ნაკლებად არის ცნობილი და უფრო ელიტარულ ფილმებზეა ორიენტირებული, მოუხშირეს ჰოლივუდის მსგავსი ფილმების გადაღებას. მიზეზი ერთია - დიდი ფული.
საქართველოში, წლების მანძილზე, კინოინდუსტრიას ეძინა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა, მძინარე კინემატოგრაფია გამოფხიზლების პროცესშია და უკანასკნელ პერიოდში, გასაკვირად ბევრი ახალი ქართული ფილმი ვნახეთ. ხარისხზე არ დავიწყებ ლაპარაკს, რადგან ეს კინოკრიტიკოსების პრეროგატივაა და ამ წერილში, მხოლოდ ქართული კინოს კომერციულ მხარეს შევეხებით.
გასული საუკუნის 70-იან წლებში, მარტო თბილისში, 22 მოქმედი კინოთეატრი იყო. დღეს ასეთი სულ 3-ია. კინოთეატრების სიმცირე, თავის მხრივ, დაბალი დასწრებით არის განპირობებული. თბილისის კინოთეატრებში ძირითადად და ერთი და იგივე ხალხი დადის. ცენტრში სულ ორი კინოთეატრი, „რუსთაველი“ და „ამირანი“ სავსებით საკმარისია. თუ დედაქალაქში, კინოთეატრები მეტ-ნაკლებად მაინც ახერხებენ თავის შენახვას, რეგიონებში ბევრად უფრო მძიმე სურათია. იქ, რამდენიმე კინოთეატრის განახლების და ბილეთის დაბალი ფასის(3-5 ლარი) მიუხედავად, მოსახლეობა კინოთი არ ინტერესდება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, დაბალი სოციალური ფონია. წლების მანძილზე კინოთეატრების მუშაობის შეჩერებამ კი, კინოში სიარულის კულტურა, პრაქტიკულად გააქრო. არადა, მაყურებლის რაოდენობის სიმცირე, კინოინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მძიმედ აისახება ქართულ კინოზე. ბიუჯეტიდან კინოსათვის გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი, არადა კინოს გადაღების მსურველი ბევრია...
კინოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, ტელევიზიასაც შეუძლია. საზღვარგარეთ, ტელეარხების მიერ ფილმების წინასწარი დაფინანსება, აპრობირებული და გამართლებული მეთოდია. სამწუხაროდ, ჩვენთან წამყვანი, მაღალბიუჯეტიანი ტელევიზიებიც კი, ადგილობრივი კინოს დაფინანსებას, დაბალხარისხიანი სერიალების შეძენას ამჯობინებენ.
კინოს განვითარების ერთ-ერთი „მტერი“ არალიცენზირებული და ყველა ინტერნეტ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი, ე.წ „პირატული“ ინტერნეტპროდუქციაა, რომელიც კინოთეატრებს, პოტენციურ მაყურებელს ართმევს. ახალი ფილმი, გამოსვლისთანავე ჩნდება ქსელში და ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია სასურველი ფილმი, უფასოდ, სახლიდან გაუსვლელად ნახოს.
სერიოზული პრობლემა, ასევე ადგილობრივი კინოდისტრიბუციაა. დღეს ეს ბაზარი მონოპოლიზებულია და სააქციო საზოგადოება „რუსთაველი“-ს ადმინისტრაციას უკავშირდება. იგივე კომპანია, საქართველოში ერთადერთი კინოთეატრების ქსელის მეპატრონეა. კინომწარმოებელსა და კინოთეატრის ადმინისტრაციას შორის პირობების განხილვა, ურთიერთშეთანხმებით ხდება და შემოსავალი ძირითადად 50%-50%-ზე იყოფა. თითქოს ეს პირობები ორივე მხარისათვის მისაღები, მაგრამ კინომწარმოებლისთვის, მაინც უფრო წამგებიანია, რადგან მას არჩევანის საშუალება არა აქვს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, კინოდან ფულის ამოღება, ჩვენს ქვეყანაში, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საერთაშორისო ბაზარზე ფილმების გატანისათვის კი, ცოდნის და საინტერესო პროექტის გარდა, გარკვეული კავშირებია საჭირო. თუმცა, ამ კუთხით, წინსვლა შეინიშნება. მაგალითად, დიტო ცინცაძის ფილმ „მედიატორი“-ს გადაღება უცხოელი პარტნიორების თანადაფინანსებით განხორციელდა. ასევე უცხოეთიდან მიიღეს დაფინანსების ნაწილი, რეჟისორებმა რუსიკო ჭყონიამ და გიორგი ოვაშვილმა.
ის, ვინც საზღვარგარეთ ვერ ახერხებს თანაპროდიუსერის პოვნას, აქვე ცდილობს ბიზნესმენების თუ სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით ფულის მოძიებას. კინო საქართველოში არც მანამდე იყო დიდად მომგებიანი, და ახლა, კრიზისის პირობებში, ცოტა თუ გარისკავს, კინოში ფულის დაბანდებას. პარადოქსია, მაგრამ საქართველოში ყველაზე მომგებიანი ფილმიც კი, წამგებიანი აღმოჩნდა. უკანასკნელ წლებში კომერციული კუთხით, ყველაზე გამართლებული კინოპროექტი, „ფორმულა კრეატივის“ მიერ გადაღებული, კომედიური ჟანრის ფილმი „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 1“-ია.თუმცა ამ ფილმმაც მოგება ვერ მოიტანა. ფილმის პროდიუსერის და სცენარისტის, მიშა მშვილდაძის აზრით, ეს მხოლოდ გამოუცდელობის ბრალი იყო. საქართველოში კომერციულად გამართლებული კინოს კეთება შესაძლებელია და მათი ახალი პროექტი, რომელიც ოქტომბერში მზად იქნება, ამის მაგალითი გახდება.
მიშა მშვილდაძე: ,,ქართულ რეალობაში, ყველაზე მეტი მოგება ვნახეთ, 420 000 ლარი, მაგრამ მეტი დავხარჯეთ. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რა უნდა დაჯდეს კინო. აუცილებლად გადავიღებთ კინოს, რომელიც ხარისხიანიც იქნება და მოგებასაც მოიტანს.“
პროდიუსერი და რეჟისორი ირაკლი ჩხიკვაძე, ქართული კინოს გადარჩენის გზას, დაბალბიუჯეტიან კინოში ხედავს. მისი და „სანგუკოს“ ახალი პროექტი „5“ ქართული კინოს მხარდასაჭერ აქციადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
ირაკლი ჩხიკვაძე: „დღეს, ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, უნდა ვილაპარაკოთ კინოზეც. ერთ მაღალბიუჯეტიან ფილმს, სჯობს ბევრი მცირებიუჯეტიანი გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კინო ვერ განვითარდება. ჩვენს პროექტში კომერციული მოგება არ არის მთავარი. რეალობა გვაქვს აღქმული, ვიცით, რომ ბიუჯეტი შეზღუდულია და ხელფასებიც შესაბამისია. არ შეიძლება ამ ქვეყანაში, მსახიობმა ან ოპერატორმა 40 000 მოითხოვოს ფილმში, როდესაც ხალხი კინოში არ დადის, არა იმიტომ, რომ კინო აღარ უყვარს, არამედ, ამის საშუალება არა აქვს.“
No comments:
Post a Comment