Thursday, August 26, 2010

მესამე ფილმზე მუშაობა იწყება


„პრაიმტაიმის“ მკითხველმა უკვე იცის, რომ „სანგუკოს“ და „კონტროლზსტუდიო“-ს ერთობლივი პროექტი „5“-ის ფარგლებში, ორი ფილმის გადაღება დასრულდა. თამარ შავგულიძის „დაბადებულები საქართველოში“ და ნიკა მაჩაიძის „თამაში“-ს შემდეგ, ჯერი მესამე ფილმზეც დადგა. ირაკლი ჩხიკვაძის „გული+“-ის გადაღებები ძირითადად ბათუმშია დაგეგმილი და სავარაუდოდ ერთ თვეს გასტანს.

პროექტი „5“-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა კი, ორი ფილმის დასრულება, pool party-ით აღნიშნა, სადაც „პრაიმტაიმიც“ დაპატიჟებული იყო. საღამომ ძალიან მხიარულად ჩაიარა, ყოველი ჯგუფის წევრი გადაღებების პროცესს იხსენებდა და მუშაობით ოდნავ დაღლილი, თუმცა შედეგით კმაყოფილი ჩანდა.

„გული +“

შეყვერბულთა დახმარების ფონდი შ.პ.ს. „გული +“ ორგანიზაციაა, რომელიც უიღბლოდ და უიმედოდ შეყვარებულებს, თავიანთი რჩეულების გულის დაპყრობაში ეხმარება. ამ ორგანიზაციას ოფისი აქვს, რომელშიც ფსიქოლოგები, მარკეტოლოგები, დიზაინერები, ფილოსოფოსები მუშაობენ. ისინი თავდაპირველად იკვლევენ ადამიანების ფსიქოტიპს, მოთხოვნილებებს და ფასეულობებს, შემდეგ ამ ფასეულობებზე აგებენ ინდივიდუალურად გათვლილ კამპანიას, რომელიც ძირითადად წარმატებით სრულდება და ბედნიერი წყვილები ერთად აგრძელებენ ცხოვრებას. ამ მომსახურებაში „გული +“-ის თანამშრომლები ჩვეულებრივ, გასამრჯელოს იღებენ.

ფილმის კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება მდიდარ, სიმპათიურ, საქმიან, ყველასთვის სასურველ ბიჭს. ნიკას თბილისელი სნობი გოგონა ეკა, ნასვამს სახლში შეიტყუებს და მასთან ერთ ღამეს გაატარებს. ამის შემდეგ ნიკას, ეკას ოჯახი ულტიმატუმს უყენებს. მან ეკა ცოლად უნდა მოიყვანოს. ნიკას კი, ამასობაში სხვა უყვარს. ეს კი უკვე საბედისწერო სამკუთხედია.

ნიკა გამოუვალ მდგომარეობაშია, მეგობარს უყვება თავის ტრაგიკულ ამბავს. ამ დროს ტელევიზორში ორგანიზაცია „გული +“-ის რეკლამა გადის. აღმოჩნდება, რომ ნიკას მეგობარ გიორგის უსარგებლია „გული +“-ის მომსახურებით და შედეგად ერთ თვეში ცოლიც მოუყვანია. დაიმედებული ნიკა და გიორგი „გული +“-ში მიდიან...

ირაკლი ჩხიკვაძის წინა ნამუშევრებს თუ გავითვალისწინებთ, მისი მორიგი პროექტიც საინტერესო და ვიზუალურად ლამაზი უნდა გამოვიდეს, ყოველ შემთხვევაში ამის ყველა პირობა არსებობს...

(primetime)

No comments:

Post a Comment